„ინდიანამ“ ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, ბითაძეს კვლავ არ უთამაშია (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა ვარსკლავის კვირეულამდე რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიანამ“ საკუთარ არენაზე „მილუოკის“ უმასპინძლა და ექვსი შეხვედრის წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.

სამწუხაროდ „პეისერსის“ თავკაცმა ნეიტ მაკმილანმა კვლავ არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე არ შემოსულა.

„ინდიანას“ ტი ჯეი ვორენმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა დააგროვა. მალკოლმ ბროგდონმა 17 ქულითა და 13 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა მაელს ტერნერმა (14 ქულა, 10 მოხსნა).

სტუმართა შორის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია „ბაქსის“ ლიდერს, იანის ანტეტოკუნმპოს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვაჟი შეეძინა. მის არყოფნაში 10 ქულიან ზღვარს ერთდროულად 6 კალათბურთელი გადაცდა. ყველაზე მეტი 19 ქულა დივენჩენზოს ანგარიშზეა. მიდლტონმა პირად აქტივში 17 ქულა გაიფორმა.

კლივლენდი – ატლანტა 127-105

ორლანდო – დეტროიტი 116-112 (ოვერტაიმი)

ბრუკლინი – ტორონტო 101-91

ნიუ ნიორკი – ვაშინგტონი 96-114

მემფისი – პორტლენდი 111-104

მინესოტა – შარლოტი 108-115

დალასი – საკრამენტო 130-111

ფინიქსი – გოლდენ სტეიტი 112-106

იუტა – მაიამი 116-101

დენვერი – ლეიკერსი 116-120 (ოვერტაიმი)