ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში ნადალი და ფრიტცი ითამაშებენ #1TVSPORT
ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში ნადალი და ფრიტცი ითამაშებენ #1TVSPORT

ცნობილი გახდა ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალური წყვილი. ტიტულისთვის ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და ამერიკელი ტეილორ ფრიტცი შეხვდებიან.

35 წლის ნადალმა ნახევარფინალში სამი საათი და 12 წუთი მოანდომა 18 წლის თანამემამულის კარლოს ალკარასის დამარცხებას – 6:4, 4:6, 6:3. ძლიერი ქარის გამო, ჩოგბურთელები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ და საკუთარ მოწოდებაზე ბევრს შანსს აძლევდნენ ერთმანეთს. ნადალმა 21 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ექვსი ბრეიკი შეასრულა. ალკარასმა 15 ბრეიკპოინტი მოიპოვა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ჩოგბურთელებმა მხოლოდ მესამე სეტში შეძლეს სტაბილურად საკუთარ გეიმებში თამაში, თუმცა, ალკარასს მაინც ჰქონდა ბრეიკის შანსი მეხუთე გეიმში, მაგრამ სამი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა. ნადალმა მერვე გეიმში მიიღო სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა, რის შემდეგაც მატჩზე ჩაწოდება შეძლო.

ნადალმა სეზონში მე-20 მატჩი ჩაატარა და მე-20 გამარჯვება მოიპოვა. თუ ის ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცის დამარცხებას შეძლებს, კარიერაში 37-ე „მასტერსს“ მოიგებს და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდება რეკორდსმენ ნოვაკ ჯოკოვიჩს.

ფრიტცმა გაცილებით იოლად მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება, როცა საათსა და 47 წუთში მოუგო რუს ანდრეი რუბლიოვს – 7:5, 6:4. ამერიკელს ერთადერთხელ აქვს ნათამაშები ნადალის წინააღმდეგ – 2020 წლის აკაპულკოს ტურნირის ფინალში ორ სეტში წააგო ესპანელთან.