ინდიან უელსი იაპონელმა სენსაციამ მოიგო
ინდიან უელსი იაპონელმა სენსაციამ მოიგო

ინდიან უელსის ქალთა ტურნირი სენსაციურად მოიგო მსოფლიოს 44-ე ჩოგანმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ. ფინალში მან მე-20 ნომრად განთესილი რუსი დარია კასატკინა ძალიან იოლად დაამარცხა – საათსა და 11 წუთში 6:3, 6:2.

კასატკინა მხოლოდ ერთხელ იყო დაწინაურებული, როცა პირველი სეტის პირველ გეიმში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ იაპონელმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ამის შემდეგ, მატჩის ბოლომდე ფლობდა ინიციატივას. ოსაკამ მეორე სეტი ისე მოიგო, რომ მის მეტოქეს ერთი ბრეიკპოინტიც არ ჰქონია.

20 წლის ოსაკასთვის ეს არის პირველი ტიტული კარიერაში. მთელი ტურნირის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი სეტი წააგო – ბერძენ მარიან საკარისთან, დანარჩენ მეტოქეებს ორ სეტში გაუსწორდა, მათ შორის აგნიეშკა რადვანსკას, მარია შარაპოვას, კაროლინა პლიშკოვასა და სიმონა ჰალეპს.