ინციდენტი „დინამო-არენაზე“ - გულშემატკივართა ჯგუფმა „დინამოში“ ფიფიას მმართველობის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა #1TVSPORT
ინციდენტი „დინამო-არენაზე“ - გულშემატკივართა ჯგუფმა „დინამოში“ ფიფიას მმართველობის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ 1:2 დამარცხდა. თამაშის შემდეგ ინციდენტი მოხდა „დინამო-არენისვიპ-ლოჟასთან და გასახდელებთან, სადაც „დინამოს“ ხელმძღვანელებს გულშემატკივართა ნაწილი დაუპირისპირდა.

„დინამო“ ფიფიას გარეშე“ – სკანდირებდა გულშემატკივართა ნაწილი და რომან ფიფიას მმართველობის წინააღმდეგ პროტესტი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მათ გუნდის მეპატრონის საწინააღმდეგო ბანერი გადმოფინეს. მაგრამ პოლიციელებმა ბანერის გამოფენის უფლება არ მისცეს.

მატჩის შემდეგ სტადიონის ზედა იარუსზე მყოფმა ამ გულშემატკივრებმა პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს, როდესაც გასახდელისკენ მიმავალი ფიფია დაინახეს და ქვემოთ ჩასვლა და მასთან დალაპარაკება სცადეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

„დინამოს“ გულშემატკივართა ეს ჯგუფი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ პროტესტი კვლავ გაგრძელდება და რომ თბილისის „დინამოს“ საცდელ ექსპერიმენტად გადაქცევის წინააღმდეგ აქტიურობას არ მოერიდებიან.

აღსანიშნავია, რომ მატჩამდეც, 20 ივნისს, „დინამო თბილისის“ გულშემატკივრების ეს ჯგუფი დედაენის ბაღში შეიკრიბა და „დინამოში“ ცვლილებები მოითხოვა.