იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა ტრამპს ბრალდება ორი მუხლით წაუყენეს
იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა ტრამპს ბრალდება ორი მუხლით წაუყენეს

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდება ორი მუხლით წაუყენეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თავად „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებმა განაცხადეს. როგორც ცნობილი გახდა, თეთრი სახლის ლიდერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ორ მუხლს მოიცავს. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება თანამდებობის ავტომატურ დატოვებას არ გულისხმობს. აშშ-ში იმპიჩმენტი სახელმწიფოს მეთაურისთვის ფორმალური ბრალდების წაყენებას ნიშნავს. ამ ბრალდებების დამტკიცებისთვის კი, სენატის ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.

ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ. სწორედ ამიტომ, იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა ნაკლებად შესაძლებელია. ბოლო თვეებში „დემოკრატებმა“ არაერთხელ აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროცედურის საშუალებით სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დატოვებას არ ცდილობენ, არამედ მათი მიზანი ქვეყნის კონსტიტუციის გათვალისწინებით ყველა შესაბამისი კანონის გამოყენებაა.