იმერეთიდან ქულები არავის გაატანეს - „სამგურალმა“ და „ტორპედომ“ თამაშები მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
იმერეთიდან ქულები არავის გაატანეს - „სამგურალმა“ და „ტორპედომ“ თამაშები მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის მატჩები დაიწყო. პირველი ორი მატჩი ქუთაისსა და წყალტუბოში გაიმართა. ორივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს და ორივემ ერთნაირი ანგარიშით.

„ტორპედო“ – „დილა“ 1:0

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ერთ-ერთი აუტსაიდერის, „ტორპედოს“ და ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელის, გორის „დილას“ შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ანგარიში 49-ე წუთზე ქუთაისელთა პალესტინელი ლეგიონერის, ფადი ზიდანის დარტყმის შემდეგ გაიხსნა, ბურთი გორელთა მცველს, დავით მაისაშვილს მოხვდა და ასხლეტილმა ბურთმა „დილას“ კარის ბადე შეარხია.

სამგურალი“ – „შუქურა“ 1:0

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-8 წუთზე, მეკარე გაბრიელ თებიძემ საკუთარი კარიდან ძალიან სახიფათო გადაცემა გააკეთა, ბურთი მოიპოვა გრიგოლ დოლიძემ და სერგო კუხიანიძეს გადააწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. 88-ე წუთზე ქობულეთელების მცველმა, გიორგი რეხვიაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ამ მატჩების შემდეგ სატურნირიო ცხრილში ცვლილებები მოხდა – „სამგურალმა“ (19 ქულა) „ლოკომოტივს“ (18 ქულა) გადაასწრო და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა. ქუთაისის „ტორპედო“ (10) ისევ მე-8 ადგილზეა, მაგრამ „შუქურასთან“ (14 ქულა, მე-7 ადგილი) ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 14 ტურის დარჩენილი სამი მატჩი დღესვე გაიმართება.