იმედი მქონდა, რომ „ნაპოლიში“ შეიძლებოდა მოხვედრილიყო - მენეჯერს „ცრვენა ზვეზდაში“ აზაროვის დატოვება არ სურს #1TVSPORT
იმედი მქონდა, რომ „ნაპოლიში“ შეიძლებოდა მოხვედრილიყო - მენეჯერს „ცრვენა ზვეზდაში“ აზაროვის დატოვება არ სურს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველის, ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდაში“ გადასვლა შეცდომა იყო და მისი საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს, – ამის თაობაზე მოთამაშის მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა ისაუბრა.

„კრისტიანო ჯუნტოლისთან („ნაპოლის“ სპორტული დირექტორი) ვისაუბრეთ სხვა პერსპექტიულ მცველებზე, მკითხა, საქართველოში რა ხდება. სხვა ფეხბურთელებით ინტერესდება. აზაროვზე ხომ არ ვისაუბრეთ?! მე რომ ვიყო იტალიურ კლუბში, ირაკლის ნებისმიერში ავიყვანდი.

ნიჭიდან გამომდინარე, იმ დონის ფეხბურთელია, რომ ვარსკვლავებთან უნდა ითამაშოს. შეიძლება ჩემი შეცდომაა, აზაროვი „ცრვენა ზვეზდაში“ რომ არის. ვერ გავთვალე, რადგან ძალიან მაგრად უნდოდათ, მპირდებოდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ირაკლი იჩაგრება. ამას უახლოეს პერიოდში გამოვასწორებ და ირაკლი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. არის ნიუანსები და უფრო მეტი ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი.

მეგონა, რომ „ცრვენა ზვეზდა“ ცნობილი კლუბია, სერბეთი კარგი სატრანსფერო ბაზარია და ზუსტად აზაროვის იმედი მქონდა, რომ ამ კლუბში თამაშით „ნაპოლიში“ მოხვდებოდა. თუმცა, მას არ ვადანაშაულებ, რომ არ თამაშობს. ეს უკვე ჩემი შეცდომაა, სერბეთში რომ გავუშვი.

ეს ისეთი თემაა, რომელიც უნდა გამოვასწორო. ამიტომ ბელგრადში ვიზიტი მაქვს ჩანიშნული. ვიცი ის ბიჭიც, ვინც მის პოზიციაზე თამაშობს, რუსეთში გამოდიოდა. ვერ ჯობს და ნიჭით ირაკლი „შეჭამდა“. „შეჭამა“ კიდეც, ამიტომ არ დავტოვებ. მას ზამთარში „შახტარი“ იწვევდა, მაგრამ უარი ვუთხარი“, – განაცხადა „ჯეო თიმთან“ მოთამაშის მენეჯერმა.