ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება მისცა
ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება მისცა

ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ტერმინალებით სარგებლობის საშუალება მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„სტარლინკის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინაში. მეტი ტერმინალი გზაშია“, – ნათქვამია ილონ მასკის მიერ „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში.

„სტარლინკი“ არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. აღსანიშნავია, რომ „სტარლინკის“ ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ამერიკელ მილიარდერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა მიმართა.

„ილონ მასკ, ვიდრე თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას, რუსეთი ცდილობს უკრაინის ოკუპაციას. ვიდრე თქვენი რაკეტები წარმატებით დაეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები თავს ესხმიან უკრაინის მოსახლეობას. გთხოვთ, უზრუნველყოთ უკრაინა „სტარლინკის“ ტერმინალებით და მიმართოთ გონიერ რუსებს, რომ შეჩერდნენ“, – ნათქვამია მიხაილ ფედოროვის მიმართვაში.