ილონ მასკი – „სტარშილდის“ სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა, მის კონტროლს ექვემდებარება, შეზღუდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აშშ-ის სამხედროები, საბოლოო ჯამში კი, პრეზიდენტი იღებს
„სტარშილდის“ (Starshield) სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ „სფეის იქსის“ დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სიჩქარისა და გამოყენების ნებისმიერ შეზღუდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აშშ-ის სამხედროები, საბოლოო ჯამში კი, აშშ-ის პრეზიდენტი იღებს.
„„სტარლინკი“ არის კომერციული სერვისი, რომელსაც „სფეის იქსი“ ფლობს და აკონტროლებს. მისი გამოყენება შეზღუდულია სამოქალაქო ან თავდაცვითი საქმიანობით. კომერციული კომპანიისთვის შეუსაბამო იქნებოდა „სტარლინკის“ გამოყენება შეტევითი სამხედრო მოქმედებებისთვის“, – წერს მასკი.
„სფეის იქსის“ დამფუძნებელმა ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის პოსტის საპასუხოდ გააკეთა. როგორც ფედოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამჟამად „სტარლინკის“ კავშირი საათში 160 კილომეტრამდე სიჩქარით მოძრავი მოწყობილობებისთვის აღდგენის პროცესშია. გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვისთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „სტარშილდის“ სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნას.
„მადლობა, ილონ მასკ. თქვენი შემდგომი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ფედოროვი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასკის კომპანიას Starlink-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის მუშაობაზე შეზღუდვების დაწესება შეცდომა იყო, რასაც, მისივე თქმით, შესაძლოა, ადამიანური მსხვერპლი მოჰყვეს.