ილიას ზუროსმა ლიეტუვასთან მატჩი შეაფასა - უკეთესი დაცვა უნდა ვითამაშოთ, ამ კომპონენტში მოსამატებელი გვაქვს #1TVSPORT
ილიას ზუროსმა ლიეტუვასთან მატჩი შეაფასა - უკეთესი დაცვა უნდა ვითამაშოთ, ამ კომპონენტში მოსამატებელი გვაქვს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ილიას ზუროსის გუნდი კაუნასში, ლიეტუვის ნაკრებთან უკანასკნელ წამზე გაშვებული ორქულიანით, ანგარიშით 102:104 დამარცხდა.

მეოთხე მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები 17-ქულიანი სხვაობით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა შეტევაში შესანიშნავი თამაშის წყალობით მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება თად მაკფადენის სამქულიანით მოახერხა.

მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელების ბერძენმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მოთამაშეთა ძალისხმევით კმაყოფილია, თუმცა გუნდს დაცვაში თამაშის გამოსწორება მართებს.

„ვამაყობ მოთამაშეთა ძალისხმევით. მატჩის მეორე ნახევარში გუნდმა ძალიან კარგი თამაში შემოგვთავაზა. აუცილებელია უკეთესი დაცვის თამაში. ეს ის კომპონენტია, რომლის გამოსწორებაც გვმართებს.

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი იმ გუნდებს ექნებათ, რომლებიც კარგ დაცვას ითამაშებენ. ამ კომპონენტში თამაშის გამოსწორება დიდ ენერგიასა და კონცენტრაციას მოითხოვს.

საჭიროა, უკეთ მოვხსნათ ბურთები ფარიდან. ბოლო წამზე მეტოქის მოხსნა გამოგვეპარა და თამაში სწორედ კონცენტრაციის ნაკლებობის გამო დავთმეთ. კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებითა და ძალისხმევით, მოხარული ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების თამაშით. მუშაობა უნდა განვაგრძოთ“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 5 აგვისტოს ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.