ილიას ზუროსი - საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, პარიზში მოხვედრა კი ყველას ოცნებაა #1TVSPORT
ილიას ზუროსი - საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, პარიზში მოხვედრა კი ყველას ოცნებაა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ჩაატარა და გერმანიის ნაკრებთან 73:100 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ გერმანიამ გამარჯვება დაიმსახურა, ხოლო საქართველოს მარცხი მეორე ტაიმში ნაჩვენებმა ცუდმა თამაშმა განაპირობა.

„ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას. მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. არ ვიცი, რა მოხდა. ინტენსიურად დავიწყეთ, შემდეგ მარტივი სროლები მივიღეთ, სამქულიანები ჩაგვიგდეს და მათ თვითრწმენა შეიძინეს. ეს ჩვენთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდით.

თამაშამდეც თორნიკე შენგელიას პრობლემა ჰქონდა, არ ვიყავით დარწმუნებულები, თუ ითამაშებდა. ბოლო მომენტში სამედიცინო შტაბის წევრებმა მას მოედანზე გასვლის ნებას მისცეს, თუმცა კვლავ დაზიანება მიიღო. მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და ამის შემდეგ გვეცოდინება, დაგვეხმარება თუ არა მომდევნო შეხვედრაში. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია და თოკო ჯანმრთელად იქნება.

ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, მათ იბრძოლეს ძალიან ათლეტური გუნდის წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების კალათბურთელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ქიმია აქვთ და საოცარი მწვრთნელი ჰყავთ. ქართველმა მოთამაშეებმა კი დაამტკიცეს, რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ.

რაც შეეხება ავსტრალიასთან შეხვედრას, ამ გუნდს NBA-ის ცხრა მოთამაშე ჰყავს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ძალიან სწრაფები არიან და მარტივ კალათბურთს თამაშობენ, სასიამოვნოა მათი ყურება. მძიმე თამაში იქნება, რომელზეც გავლენაც, შესაძლოა, ავსტრალიელების დღევანდელმა მატჩმაც იქონიოს, რადგან სლოვენიასთან მარცხის შემთხვევაში ისინი მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს კარგავენ.

საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას შეეცდება. ვიმეორებ, ეს ჩვენთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, ვსწავლობთ და დიდ გამოცდილებასაც ვიღებთ. ამ ტურნირით დავინახავთ, სად ვართ რეალურად და რა გვაქვს გამოსასწორებელი. მსურს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო, მათ ბრწყინვალე პირობები შეგვიქმნეს.

ჩვენ 16 საუკეთესო ნაკრებს შორის გავედით, რაც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი შანსია, პარიზის ოლიმპიადაზე ვითამაშოთ, რაც ყველას ოცნებაა“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების შეხვედრა 3 სექტემბერს, 11:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.