ილიას ზუროსი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრას ეხმაურება - ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს #1TVSPORT
ილიას ზუროსი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრას ეხმაურება - ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიას, კაბო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართული წილისყრის შესახებ ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.

„შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გუნდი ხომ ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე.

უნდა ვეცადოთ, რომ სიამოვნება მივიღოთ ყოველი წამით, რომელსაც ამ ტურნირზე გავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს.

დღეს მეტოქეების გაანალიზება რთული საქმეა. თუმცა, სლოვენიას ყველა კარგად იცნობს. ძალიან ძლიერი გუნდია ლუკა დონჩიჩითა და სხვა ვარსკვლავებით. რაც შეეხება ვენესუელას და კაბო ვერდეს, ორი რთული მატჩი გველის. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველა გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ძლიერი და ბრძოლისუნარიანია.

კაბო ვერდეს ჰყავს ედი ტავარეში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელი, რომელიც მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს. კაბოვერდელთა ნაკრებში სხვა კარგი კალათბურთელებიც თამაშობენ.

ვენესუელა სწრაფი და ძლიერი გუნდია. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის.

საქართველოს ნაკრები ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ვნახავთ, რას მივაღწევთ ჩვენს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე“.

gbf.ge