ილიას ზუროსი - ისრაელთან მატჩით საქართველოს ნაკრები მზადების ახალ ეტაპზე გადადის #1TVSPORT
ილიას ზუროსი - ისრაელთან მატჩით საქართველოს ნაკრები მზადების ახალ ეტაპზე გადადის #1TVSPORT

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს ისრაელთან გამართავს. შეხვედრა 12 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ისრაელის ნაკრები სოლიდური გუნდია, რომელიც ევრობასკეტისთვის და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება სლოვენიაში გაიარა, რის შემდეგაც ორი სპარინგ-მატჩი უნგრეთში, ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართა და მოგება-წაგება გაცვალა. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს გუნდს მორიგი მოსამზადებელი მატჩები თბილისსა და ათენში ელის, სადაც 15 აგვისტოს გაემგზავრება და საბერძნეთს, თურქეთსა და პოლონეთს დაუპირისპირდება.

ისრაელთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს მიხეილ ბერიშვილი, რომელიც ტრავმირებულია. მოლაპარაკების საფუძველზე, ორივე ნაკრები 14 კალათბურთელით ითამაშებს.

შეხვედრა საბურთალოზე, სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი), 12 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი:

„მზადების მეორე ეტაპზე გადავედით. დავასრულეთ სლოვენიური შეკრება დავბრუნდით საქართველოში და ახლა მთავარ ყურადღებას დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის ამერიკაშია, სიახლე არაფერია. ამიტომ, სჯობს აქცენტი იმ კალათბურთელებზე გავაკეთოთ, ვინც გუნდში გვყავს. ისრაელთან მატჩში კიდევ უკეთესად დავინახავთ ხარვეზებს და დავსახავთ გზებს მათ გამოსასწორებლად“.