ილიას ზუროსი ​საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბერძნულ კლუბს გაწვრთნის #1TVSPORT
ილიას ზუროსი ​საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბერძნულ კლუბს გაწვრთნის #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ბერძნული „პრომეთეასი“ ჩაიბარა, ინფრმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ​ავრცელებს.

საბერძნეთის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა გუნდმა ზუროსს კონტრაქტი გაუფორმა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი პარალელურად „პრომეთეასის“ მთავარი მწვრთნელი იქნება და გუნდს საბერძნეთის ჩემპიონატთან ერთად ევროთასზეც გაიყვანს.

ილიას ზუროსი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ „პრომეთეასთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამ გუნდში ყველა პირობა იქნება საიმისოდ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობაში ხელი არ შემეშალოს. პირიქით, კლუბში მუშაობა ჩემთვის აუცილებელიც იყო, რადგან მუდმივად კალათბურთით ვიქნები დაკავებული. აქამდეც სულ კალათბურთში ვიყავი ჩართული, მაგრამ სულ სხვაა, როცა მთელი სეზონი პროფესიულად მუშაობ და სულ საქმეში ხარ, მონაწილეობ ოფიციალურ მატჩებში, თანაც სად – საბერძნეთის ჩემპიონატში, რომელიც ძალიან დაძაბულია და მაღალი დონისაა“.

ილიას ზუროსმა განმარტა, მანამდე რატომ თქვა უარი ესპანური გუნდის, „ბურგოსის“ გაწვრთნაზე:

„ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროლიგის წესები განსხვავებულია. ამ ტურნირებში მოთამაშე კლუბების მთავარი მწვრთნელი არ უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. კონტრაქტს ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდი „ბურგოსი“ მთავაზობდა, მაგრამ, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვერ ვიმუშავებდი, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ზოგადად, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისთვის მიზანშეწონილი და კარგია კლუბში მუშაობა, რადგან ესაა დიდი გამოცდილების, პროფესიული ზრდის საშუალება. უამრავი მაგალითი შემიძლია დავასახელო: შორს რომ არ წავიდეთ, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი „პერისტერის“ მთავარი მწვრთნელია. ასევე ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელიც კლუბშია დაკავებული და კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ქალაქ პატრასის გუნდი „პრომეთეასი“ საბერძნეთის მიმდინარე ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მე-2 ადგილზეა. გასულ სეზონში კი  პატრასელებმა მე-4 ადგილი დაიკავეს.