ილია თოფურიას მენეჯერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, UFC-ის ღონისძიება ესპანეთში გაიმართოს #1TVSPORT
ილია თოფურიას მენეჯერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, UFC-ის ღონისძიება ესპანეთში გაიმართოს #1TVSPORT

ნაკლებად სავარაუდოა, UFC-ის ღონისძიება უახლოეს მომავალში ესპანეთში ჩატარდეს, – ამის შესახებ ილია თოფურიას მენეჯერმა, ვუკაშ ორზევმა პოლონურ Kanał Sportowy-სთან აღნიშნა.

თოფურია თავის ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ UFC-ის საჩემპიონო ტიტულის დაცვა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სურს. ის ესპანეთში ცხოვრობს და პროფესიონალ სპორტსმენადაც იქ ჩამოყალიბდა.

ორზევმა ორი ძირითადი მიზეზი დაასახელა, რაც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ღონისძიების ჩატარებას ესპანეთში ართულებს.

პირველი უშუალოდ UFC-ის გადაწყვეტილებაა. ორგანიზაციას არ სურს, ბრძოლები საფეხბურთო სტადიონზე გაიმართოს; მეორე – მადრიდის ორივე მთავარი სტადიონი, „სანტიაგო ბერნაბეუ“ და „ვანდა მეტროპოლიტანო“ მთელი 2025 წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებით ძალიან დატვირთულია.

ასევე რთული იქნება UFC-ის ბრძოლების ორგანიზება ქალაქ ბარსელონაში მდებარე სტადიონ „კამპ ნოუზე“, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ეკუთვნის და მის მესვეურებს არ სურთ, თოფურიამ იქ იბრძოლოს, რადგან სპორტსმენი მადრიდის „რეალის“ მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ოქტომბერში კი წარმატებით დაიცვა. მომდევნო ბრძოლას ქართველი, სავარაუდოდ, 2025 წლის გაზაფხულზე ჩაატარებს.