ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

UFC-ის პირველმა ქართველი ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის დროს, საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „დინამო არენაზე“, გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის მიღება. წავედი საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით ვივსები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. ახლა წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ილია თოფურიამ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 26 თებერვალს, ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასაპარეზობს, მადრიდის „რეალის“ არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ UFC-ის ქამარი ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უამრავი გულშემატკივრის წინაშეც წარადგინა.