ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ბრძოლისთვის მზადება დაასრულა #1TVSPORT
ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ბრძოლისთვის მზადება დაასრულა #1TVSPORT

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.

27 წლის ილია თოფურია 35 წლის ავსტრალიელ ჩემპიონთან ბრძოლისთვის პირველი დეკემბრიდან ემზადებოდა. როგორც მან X-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, მზადება დაასრულა და ქამრის მოსაპოვებლად მზადაა.

„საწვრთნელი პროცესი დავასრულე. MMA აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც 17 თებერვლის (თბილისის დროით 18 თებერვალი) ღამემდე იყო, ქამარი მე მეკუთვნის, გამარჯვებისთვის მზად ვარ“, – წერს ილია თოფურია.

ილია თოფურია MMA-ის კარიერაში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, მან 14 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა 26-ჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა, თუმცა UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ჯერ მარცხი არ აქვს და ქამრის დაცვა ხუთჯერ მოახერხა.

18 თებერვალს სუპერმსუბუქ წონაში ასევე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი, მისი მეტოქე UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჰენრი სეხუდოა. მერაბი ბრძოლას ზედიზედ ცხრა გამარჯვებით ხვდება და თუ კვლავ მოიგებს, დიდი ალბათობით, მისი შემდეგი დაპირისპირება საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.