ილია თოფურია – ბოლო პერიოდში ჩემზე ხორციელდებოდა სერიოზული და მიუღებელი ზეწოლა #1TVSPORT

17:20, 15.12.2025

ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა საკუთარ პირად ცხოვრებაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე ისაუბრა. აღნიშნული გარემოებების გამო თოფურიამ 2026 წლის პირველ მეოთხედში დაგეგმილ ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით უარი ვთქვა ქამრის დაცვაზე. ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა. თუმცა არსებობს ვითარებები, როცა საფრთხე ექმნება პირად ღირსებას, ოჯახურ სიმშვიდესა და რეპუტაციას – ასეთ დროს აუცილებელია, პასუხისმგებლობითა და პირდაპირ შეხედო რეალობას.

ბოლო პერიოდში ჩემზე ხორციელდებოდა სერიოზული და მიუღებელი ზეწოლა, მათ შორის მუქარა, თითქოს ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ინფორმაცია. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. სიმართლე არ ეფუძნება აზრს, ის მტკიცებულებებს ეფუძნება.

ყველა შესაბამისი მტკიცებულება დეტალურად არის შეგროვებული და დაცული – აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაცია, მოწმეების ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები. აღნიშნული დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყოს სამართლებრივი რეაგირება გამოძალვის მცდელობაზე, მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე, ფინანსური და პირადი ქონების უკანონო მითვისებასა და სისტემურ მუქარაზე.

თავდაპირველად მხოლოდ ერთი რამის გამო ვდუმდი – ჩემი შვილების დაცვისთვის, რომლებიც ჩემი ცხოვრების უმთავრესი ღირებულებაა. თუმცა დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ასეთ პირობებში დუმილი სიმართლეს არ იცავს და მხოლოდ ცრუ ნარატივების გავრცელებას უწყობს ხელს.

მრავალ ადამიანს ჰქონია მსგავსი გამოწვევები და არაერთ შემთხვევაში საბოლოო პასუხი სწორედ სამართლებრივ პროცესს გაუცია. დღეს ვსაუბრობ არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახის დასაცავად, არამედ იმის ხაზგასასმელადაც, რომ არავინ უნდა გახდეს დაშინების, მანიპულაციისა და ზეწოლის მსხვერპლი. ვინც მიცნობს, იცის, რომ ძალადობა ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ფორმით და ჩემი ცხოვრება თუ პროფესიული გზა ყოველთვის დაფუძნებული იყო დისციპლინზე, პატივისცემასა და კეთილსინდისიერებაზე.

სრული ნდობა მაქვს სასამართლო სისტემის მიმართ და მზად ვარ, სამართლებრივმა პროცესმა ობიექტურად, მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს ყველა ფაქტი.

ჩემი შვილების ინტერესებისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების პატივისცემით, მომავალში დამატებით საჯარო კომენტარებს აღარ გავაკეთებ. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისგან და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად სივრცეს ამ რთულ პერიოდში.

სიმართლეს არ სჭირდება ხმაური – ის ფაქტებს მოითხოვს“, – წერს ილია თოფურია.

მსგავსი