ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო
ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

უწყების ცნობით, ბრიტანელმა დიპლომატმა ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ინტენსიურ დღის წესრიგს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება. მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის გამართვის მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებაზე.

საგარეო უწყების ცნობით, როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების გულშემატკივრად რჩება. ბრიტანელმა დიპლომატმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს როლს ნატო-ს სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების და ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას.