ილია ბერიაშვილი – ბევრს ეგონა, რომ ქართული ფეხბურთი დასრულდა, მაგრამ გამოჩნდნენ ჩაკვეტაძე და არაბიძე, მოგვიანებით კი – კვარაცხელია #1TVSPORT
ერთა ლიგაზე უნგრეთი-საქართველოს შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრებისა და უნგრული მტკ-ს მცველს, ილია ბერიაშვილს გამოცემა nemzetisport-მა ინტერვიუ ჩამოართვა.
„მამაჩემს თავიდან დიდად არ მოსწონდა ჩემი სურვილი, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ერჩივნა, სწავლისთვის მიმექცია ყურადღება. სხვათა შორის, უნივერსიტეტში ბიოლოგიასაც ვსწავლობდი. განსაკუთრებით ანატომია მომწონდა. მაინტერესებდა, ადამიანის ორგანიზმი როგორ მუშაობდა. ფეხბურთი რომ არა, შესაძლოა, მედიცინაშიც წავსულიყავი. თუმცა, ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის ყველაფერ დანარჩენზე ათი ნაბიჯით წინ იდგა.
მტკ-ს გასახდელში, საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩამდე, ბუნებრივად წამოიჭრა დომინიკ სობოსლაის სახელი. ბიჭები ხუმრობდნენ, ფეხი არ მოტეხოო, მაგრამ მსგავსი რამის გაკეთებას ვერასდროს გავბედავ-მეთქი. სერიოზულად კი გამაფრთხილეს, საჯარიმო მოედანში მასთან ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან თუ ჯარიმას მოიპოვებს, გოლს ადვილად გაიტანსო. ამას მათ გარეშეც მივხვდებოდი, „ტოტენჰემის“ კარში მისი ბოლო გოლიც ვნახე – ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩვენ მისი შეჩერება გვსურს.
იყო დრო, როცა ბევრს ეგონა, რომ ქართული ფეხბურთი დასრულდა. შემდეგ გამოჩნდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი არაბიძე, მოგვიანებით კი – ხვიჩა კვარაცხელია. მათ ხალხში რწმენა აღადგინეს. ახლა უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ საქართველოში დაბადებულსაც შეუძლია უმაღლეს დონემდე ასვლა. ამ მხრივ, კვარაცხელია სრულიად სხვა დონეზეა, ადვილად წარმოვიდგენ, რომ ერთ დღეს ის „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს.
ეროვნულ ნაკრებში თამაშისას ქვეყნის ჯარისკაცი ხარ. საკლუბო ფეხბურთი სხვაა. სეზონში 35-40 მატჩს ატარებ, მაშინ როცა ნაკრებში – მხოლოდ 10 შეხვედრას. როცა ეროვნული გერბით დამშვენებული მაისურით დგახარ, ჰიმნი ჟღერს და იცი, რომ მთელი ქვეყანა გიყურებს, ეს ფეხბურთზე მეტია. საზღვარგარეთ ცხოვრება კიდევ უფრო მეტად მაიძულებს, გავუფრთხილდე ჩემს ქართულ იდენტობას. სადაც არ უნდა წავიდე, ვგრძნობ, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ – ჩემი ქცევით, შრომითა და იმ შთაბეჭდილებით, რომელსაც სხვებში საქართველოს შესახებ ვქმნი.
ნაკრებში პირველი გამოძახება საკმაოდ მოულოდნელი იყო. მთელი ცხოვრება ამ მომენტს ველოდი. 2026 წლის მარტში ისრაელის წინააღმდეგ ნაკრებში თამაშის შანსი მივიღე და ვფიქრობ, დებიუტი წარმატებული გამოდგა. როგორც კი თამაში დაიწყო, მთელი დაძაბულობა გაქრა.
ახლა უნგრეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მატჩისთვისაც ვემზადები. ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, რადგან უნგრელ ფეხბურთელებს ვიცნობ – ბევრ მათგანთან მითამაშია უნგრეთის ჩემპიონატში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის წინააღმდეგ მატჩისთვის მომზადება, რომელიც ბოლო წლებში ჩემს სახლად იქცა. მაგრამ, როგორც კი მატჩი იწყება, საქართველოს მაისურს ვირგებ, ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და მისთვის ვიბრძვი“, – ამბობს ბერიაშვილი.