ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა - „თქვენ შეუცვლელი როლი შეასრულეთ აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და გაღრმავებაში“
ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა - „თქვენ შეუცვლელი როლი შეასრულეთ აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და გაღრმავებაში“

ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს „ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს გამორჩეული ლიდერი“ უწოდა.

წერილში ხაზგასმულია, რომ ტრამპმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და გაღრმავებაში.

„თქვენ შეუცვლელი როლი შეასრულეთ აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა და გაღრმავებაში, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ“, – ნათქვამია წერილში.

ალიევის თქმით, თეთრ სახლში გამართული ისტორიული შეხვედრის შემდეგ დაწყებული პროცესი და მოგვიანებით გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.

ალიევმა მადლობა გადაუხადა ტრამპს ამ პროცესში პირადი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება მისი „მტკიცე ნებისა და გადაწყვეტილების“ შედეგია.

„ეს მიღწევა ნათლად ადასტურებს თქვენს ურყევ ნებასა და გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია წერილში.

წერილში ასევე ხაზგასმულია სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესში ტრამპის როლი. ალიევის თქმით, ვაშინგტონში გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია და სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ინიციირება სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევის შედეგია.

„„ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) იქნება დამატებითი წვლილი რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარებაში“, – ნათქვამია წერილში.

ალიევი წერილში აღნიშნავს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრამპთან პირად ურთიერთობასა და „მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი პროდუქტიული თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გაფართოებისთვის“, – ნათქვამია წერილში.