ილჰამ ალიევი - „კავკასიური ალბანეთის“ ისტორიული ძეგლები და ეკლესიები აზერბაიჯანის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა
ილჰამ ალიევი - „კავკასიური ალბანეთის“ ისტორიული ძეგლები და ეკლესიები აზერბაიჯანის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, „კავკასიური ალბანეთის“ ეკლესიები მათი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა.

ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა, რომელიც ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანული სამხედრო შენაერთების საკითხს ეხებოდა.

თავის გამოსვლაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სომეხმა ისტორიკოსებმა და ფალსიფიკატორებმა ქელბაჯარში მდებარე ალბანური ეკლესიები სომხურად გადააკეთეს და მიითვისეს“.

„ქელბაჯარი ძირძველი აზერბაიჯანული მიწაა. ქელბაჯარის ისტორიული ძეგლები ჩვენი უდიდესი მემკვიდრეობაა. მეჩეთებიც და ეკლესიებიც ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა. აზერბაიჯანელმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და მსოფლიომაც უნდა იცოდეს, რომ ქელბაჯარში მდებარე ეკლესიები ძველ „კავკასიური ალბანეთის“ სახელმწიფოს ეკუთვნის. ამას მრავალი ისტორიული დოკუმენტი ამტკიცებს. უბრალოდ, სომეხმა ისტორიკოსებმა და ფალსიფიკატორებმა სომხურად გადააკეთეს ეს ეკლესიები და მიითვისეს. ისტორიას რომ გადახედოთ, 1830-იან წლებში რუსეთის იმპერიამ გააუქმა ალბანური ეკლესია და ეს ძეგლები სომხურ ეკლესიას გადასცა. სომეხმა მღვდელმსახურებმა კი, მათი მითვისება დაიწყეს. მათი მიზანი იყო კავკასიური ალბანეთის კვალის წაშლა. მაგრამ ჩვენ მათ ამის ნება რ მივეცით. აზერბაიჯანში ამ საკითხზე ბევრი სამეცნიერო კვლევაა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ უნდა იცოდეს. „კავკასიური ალბანეთი“ იყო დიდი სახელმწიფო. „კავკასიური ალბანეთის“ კუთვნილი ისტორიული ძეგლები და ეკლესიები აზერბაიჯანის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა. ჩვენ ამ ეკლესიებს ვიცავთ და ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთები ქელბაჯარის რაიონში რუსეთის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ. ამჟამად ამ რაიონს აზერბაიჯანი აკონტროლებს.

დატოვე კომენტარი