ილჰამ ალიევი - ჩვენი პროკურატურა იძიებს USAID-ის უკანონო საქმიანობას, წინასწარი შედეგები აჩვენებს მთავრობის დამხობის, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს, ამ ინფორმაციას წარვუდგენთ ტრამპის ადმინისტრაციას
ჩვენ, როგორც ქვეყანამ, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეთანხმებულ კამპანიებს წააწყდა, ზუსტად ვიცით, როგორ მუშაობს ეს სისტემა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ფორუმზე „ახალი მსოფლიო წესრიგისკენ“ განაცხადა.
„რასაც პრეზიდენტი ტრამპი იწყებს, ძალიან იმედის მომცემია. USAID-ი, რა თქმა უნდა, ნომერი პირველი მონსტრია – ეს სრულიად კორუმპირებული სტრუქტურაა. მე უკვე ნაწილობრივ შევეხე ამ საკითხს. კარგია, რომ უკვე შეწყდა „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო ღრმად ჩაძიება. „ჰიუმან რაითს ვოჩი“, „ფრიდომ ჰაუსი“, „ამნესთი ინთერნეიშენალი“, „თრანსფერენსი ინთერნეიშენალი“ – პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მთელი ეს ინფრასტრუქტურა სრულად უნდა გამოვიდეს მწყობრიდან. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეთანხმებულ კამპანიებს წააწყდა, ზუსტად ვიცით, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ჩვენ ვიცით კონკრეტული ადამიანები, მათ შორის საელჩოებში, რომლებიც უკანონო საქმიანობაში მონაწილეობენ და მზად ვართ, ამერიკის სამართალდამცავ ორგანოებს მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პროკურატურა იძიებს USAID-ის საქმიანობას.
„ამჟამად, სხვათა შორის, ჩვენი გენერალური პროკურატურა იძიებს USAID-ის უკანონო საქმიანობას. მე უკვე მაცნობეს გამოძიების წინასწარი შედეგები, რომლებიც აჩვენებს ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის მასშტაბებს და ჩვენი მთავრობის დამხობის მცდელობებს, ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა მცდელობებს. როგორც კი ყველაფერი მზად იქნება, ჩვენ ამ ინფორმაციას წარვუდგენთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, რათა მათ სერიოზული ზომები მიიღონ ამ კორუმპირებული USAID-ისა და მისი კორუმპირებული ხელმძღვანელების მიმართ. ყველაზე მთავარი ახლა არის – მივიღეთ თუ არა ის, რასაც ველოდით? მე ვიტყოდი, რომ დიახ, რადგან, პირველ რიგში, შეიძლება, ვისაუბროთ ამერიკის პოლიტიკაში ანტიაზერბაიჯანული ტენდენციის შეწყვეტაზე, რაც უკვე კარგია; მეორე, სხვადასხვა დონეზე უკვე შედგა უმაღლესი დონის კონტაქტები ტრამპის ადმინისტრაციის წევრებსა და აზერბაიჯანულ გუნდს შორის; და მესამე, ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს პერიოდი ჩვენს ურთიერთობებში იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობის გამოცდილება მისი პირველი ვადის დროს, რომელიც ასევე ძალიან პოზიტიური იყო. ჩვენ არანაირი კრიზისი არ გვქონია ურთიერთობებში“, – განაცხადა ალიევმა.