ილჰამ ალიევი – ჩვენ სრულად არ ვაკონტროლებდით ფინანსურ ნაკადებს, სწორედ ამიტომ, ისეთი ცნობილი ინსტიტუტები, როგორიცაა NDI, სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით აზერბაიჯანული ოპოზიცია დააფინანსეს. ამის შესახებ ალიევმა ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ფორუმზე „ახალი მსოფლიო წესრიგისკენ“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, ალიევმა განაცხადა, რომ დასავლური ე.წ არასამთავროების მიერ თანხები აზერბაიჯანში იგზავნებოდა.
„პირველ რიგში, ფული, რომელიც ე.წ. დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იგზავნებოდა აზერბაიჯანში; მეორე, ანტიაზერბაიჯანული პროპაგანდა დასავლურ მედიაში – იმათში, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი ყალბს უწოდებს, როგორებიცაა „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და, რა თქმა უნდა, ფრანგული პროსამთავრობო მედია – ასევე ყალბი, როგორებიცაა „ფიგარო“ ან „ლე მონდი“. გარკვეული ატმოსფეროს შექმნა, რომ აზერბაიჯანი დიქტატურაა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს დემოკრატიული გამოცდილება, რომ ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, რომ ოპოზიცია ანგელოზია, ხოლო მთავრობა – ეშმაკი. იმ დროს ჩვენ ცოტა გულუბრყვილოები ვიყავით და ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ისინი, ვინც გვიღიმოდნენ, ზურგში დარტყმას გვიპირებდნენ. ჩვენ სინამდვილეში სრულად არ ვაკონტროლებდით ამ ფინანსურ ნაკადებს და სწორედ ამიტომ, ისეთი ცნობილი ინსტიტუტები, როგორიცაა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), სინამდვილეში, აქ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ეს ყველაფერი გამოვლინდა. ჩვენ მივაკვლიეთ ერთ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც საბანკო ანგარიშიდან იყო გატანილი, შემდეგ კი ამ ფულის ნაწილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ დაქირავებულ ბინებში აღმოვაჩინეთ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და სამთავრობო შენობებსა და პოლიციელებზე თავდასხმის ინსტრუქციებთან ერთად. ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი, მათ შორის, 2005 წელს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს და არასდროს დავივიწყებთ“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ახლა ეს უფრო რთული გახდა, რადგან აზერბაიჯანმა სრული კონტროლი დაამყარა ფინანსურ სისტემაზე.
„ადრე ეს მარტივი იყო. ახლა უფრო რთულია. პირველ რიგში, ჩვენ დავამყარეთ სრული კონტროლი ფინანსურ სისტემაზე; მეორე, ყველა ე.წ. გრანტი, რომელიც ე.წ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეალურად კი, ოპოზიციას ეძლეოდა, ახლა რეგისტრაციას ექვემდებარება. ახლა მათთვის ძალიან რთულია ფულის უკანონოდ გადმორიცხვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი პოულობენ ფულის გადმოგზავნის ახალ გზებს. ამ ფულს ძირითადად საქართველოში იღებენ. როდესაც ვამბობ, საქართველოში, არ მინდა, ეს ისე ჟღერდეს, თითქოს ისინი საქართველოდან არიან. არა, ეს იმ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაა, რომლებიც კვლავ მოქმედებენ საქართველოში. საქართველოს ბანკების მეშვეობით, რომლებსაც უცხოელები აკონტროლებენ, უსახელო საკრედიტო ბარათებით და ნაღდი ფულით, რომელსაც აქ შემოიტანენ სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. როდესაც ჩვენ ამას ვაკვირდებით, როდესაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მათ პასუხისგებაში აძლევენ, ისინი იწყებენ ჩვენს დადანაშაულებას იმაში, რომ ვაკეთებთ არადემოკრატიულ საქმეებს. იმედი მაქვს, რომ ეს დასრულდება, რადგან ეს აბსოლუტურად უსარგებლოა. ეს უაზროა, და ყველამ იცის, ვინ ვინ არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არსებობს გარანტია, რომ ოდესმე ისინი კვლავ არ გადაწყვეტენ მარიონეტის მოყვანას და მის დასმას საპრეზიდენტო სავარძელში, რათა აზერბაიჯანი ისე მართონ, როგორც მათ სურთ“, – განაცხადა ალიევმა.