ილჰამ ალიევი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ისტორიულ შეცდომას უწოდებს
ილჰამ ალიევი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ისტორიულ შეცდომას უწოდებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ისტორიულ შეცდომას უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჯო ბაიდენის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს. ალიევის აზრით, ეს ნაბიჯი რეგიონში ჩასახულ თანამშრომლობის ტენდენციებს სერიოზულად უთხრის ძირს.

ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდად აღიარებს.