ილჰამ ალიევ​ი - განჯაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნიკოლ ფაშინიანს ეკისრება
ილჰამ ალიევ​ი - განჯაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნიკოლ ფაშინიანს ეკისრება

განჯაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ეკისრება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ „ჰაბერ გლობალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„არსებული მონაცემებით, ეს გადაწყვეტილება პირადად ფაშინიანმა მიიღო. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გაქვს იმის შესახებ, რომ ფაშინიანი ახლა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ რყევებს განიცდის. მისი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და ის არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ორივე მხარემ უნდა დაიცვას ნაკისრი ვალდებულება. აზერბაიჯანის ლიდერი სომხეთს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება ჰადრუთს, რომელზე კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ, ილჰამ ალიევის თქმით, ქალაქი აზერბაიჯანის დაქვემდებარებაშია. მისი თქმით, აზერბაიჯანის ძალების მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ახალი ქალაქები გაშენდება.

ილჰამ ალიევმა ისაუბრა თურქეთის როლზეც. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირებაში თურქეთმა აქტიური როლი უნდა შეასრულოს. ამას კი ილჰამ ალიევი თურქეთის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა რიგებში გაწევრიანებით ხედავს.

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ თურქეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს აქტიური როლი აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ დარეგულირებაში. დღემდე მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის ფარგლებში იმართება. თუმცა, ეს მოლაპარაკებები არაეფექტურია და არავითარი შედეგი არ მოიტანა“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მინსკის ჯგუფში შემავალი ქვეყნები აზერბაიჯანიდან მოშორებით მდებარეობენ და რეგიონთან არავითარი კავშირი არ გააჩნიათ, არ დაინტერესებულან კონფლიქტით და მათი არსებობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.