იკერ კასილიასმა „პორტუს“ სასამართლოში უჩივლა - 2019 წელს გადატანილი ინფარქტით მიღებული ზიანის გამო (AS) #1TVSPORT
იკერ კასილიასმა „პორტუს“ სასამართლოში უჩივლა - 2019 წელს გადატანილი ინფარქტით მიღებული ზიანის გამო (AS) #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა სასამართლოში უჩივლა „პორტუს“ და მისგან კომპენსაციის სახით 3.7 მილიონი ევრო მოითხოვა. ფეხბურთელის აზრით, მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის შერყეული. ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემა AS.

2019 წლის მაისში, „პორტუში“ თამაშისას, კასილიასს ერთ-ერთ ვარჯიშზე ინფარქტი დაემართა. ესპანელი ფეხბურთელი ამ ფაქტს პორტუგალიურ კლუბში ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვებს უკავშირებს. სარჩელში მითითებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ყოფილმა მეკარემ დაკარგა შრომისუნარიანობა და უკვე შვიდი წელია განიცდის სერიოზულ პრობლემებს გადატანილი ავადმყოფობის გამო.

სასამართლო სხდომაზე 45 წლის კასილიასმა განაცხადა: „დავდივარ სპორტულ დარბაზში, ვთამაშობ პადელს, მაგრამ სირბილი არ შემიძლია – მაქსიმუმ 20-50 მეტრი. მეტი არ გამომდის“.

უფრო ადრე გუნდის ექიმმა ნელსონ პუგამ განაცხადა, რომ მეკარის მდგომარეობა სტაბილური იყო, ხოლო პრობლემა – მოგვარებული. მისი შეფასებით, კასილიასს ავადმყოფობის შემდეგ სრულად უნდა აღედგინა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ვარჯიშებზე ფიზიკური დატვირთვა არ ყოფილა გულის შეტევის მიზეზი, რამაც ფეხბურთელის კარიერის დასრულება გამოიწვია.

პორტუგალიურ სასამართლოს მოუწევს იმის გარკვევა, აქვს თუ არა კასილიასს, როგორც პროფესიონალ სპორტსმენს, უფლება მოითხოვოს კომპენსაცია შრომისუნარიანობის სამუდამოდ დაკარგვის გამო. ასეთი კომპენსაციის ოდენობამ შეიძლება შეადგინოს 2.5 მილიონი ევრო, რაც შეადგენს 70 პროცენტს იმ ხელფასისა, რომელსაც ის „პორტუში“ 2021 წლის ივნისამდე იღებდა.

სადაზღვევო კომპანია Fidelidade-მ კასილიასს 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც უბედური შემთხვევებისას სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მაქსიმალური წლიური კომპენსაციაა. თავად „პორტუ“ კი აცხადებს, რომ აგრძელებდა კასილიასისთვის სრული ხელფასის ჩარიცხვას (1 მილიონ ევროზე მეტი) იქამდე, სანამ მან ფეხბურთიდან წასვლის შესახებ არ გამოაცხადა. ამიტომაც, კლუბი და სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებენ დამატებითი თანხების გადახდაზე.