„პორტუს“ ესპანელი მეკარის, იკერ კასილიასის მეუღლე სარა კარბონერომ განაცხადა, რომ საკვერცხეების კიბო აღმოუჩინეს და რომ ერთი ოპერაცია უკვე ჩაიტარა.
„ჯერ ერთი შოკიდან არ გამოვსულვართ, რომ მეორე ცუდი ამბავი მოხდა. რამდენიმე დღის წინ, შემოწმებისას, ექიმებმა აღმომიჩინეს საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე. უკვე გადავიტანე ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საბედნიეროდ, ავადმყოფობა ადრეულ სტადიაში გამოვავლინეთ, თუმცა წინ რამდენიმეთვიანი ბრძოლა მელის – შესაბამისი სამკურნალო კურსი უნდა გავიარო. მშვიდად ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს გზა რთულია, მაგრამ წინ ბედნიერი შედეგი მელოდება. მაქვს მხარდაჭერა ოჯახისა და მეგობრების მხრიდან“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ კარბონერომ.
შეგახსენებთ, რომ პირველ მაისს კასილიასმა გულის შეტევა გადაიტანა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.