იკარდის ოჯახის მანქანას მილანში თავს დაესხნენ
იკარდის ოჯახის მანქანას მილანში თავს დაესხნენ

უცნობები თავს დაესხნენ მანქანას, რომლითაც მილანის „ინტერის“ ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლე და შვილები მოძრაობდნენ, – ამის შესახებ „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia) წერს. ინციდენტი 16 თებერვალს მოხდა. არგენტინელის ფეხბურთელის ოჯახის ავტომობილს ქვა იმ დროს ესროლეს, როცა მან „სან სიროს“ სტადიონთან ჩაიარა. ირკვევა, რომ დაზიანება არავის მიუღია.

ამ სიტუაციამ, შესაძლოა, ძლიერ იმოქმედოს იკარდის ცხოვრებაზე. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელის მეუღლე ვანდა მისი აგენტიცაა და ისინი მილანურ კლუბთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. გულშემატკივრები ამ სიტუაციაში სწორედ ქალს ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ იკარდის რამდენიმე დღის წინ კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. მას არ მიუღია მონაწილეობა ხუთშაბათს, ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩში ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ (1:0).

ამ სეზონში იკარდიმ „ინტერის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.