იგორ ტუდორი „ტოტენჰემიდან“ დაითხოვეს #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ ტუდორის განთავისუფლების შესახებ.
„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ერთობლივი შეთანხმებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ ტუდორის დაუყოვნებლივ წასვლის შესახებ.
მადლობა მას და მის ჯგუფს ძალისხმევისთვის ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში“, – წერია ლონდონური კლუბის განცხადებაში.
ხორვატი სპეციალისტი „ტოტენჰემს“ 14 თებერვალს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შვიდი მატჩი ჩაატარა, ხუთი წააგო და მხოლოდ ერთხელ მოიგო – ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალი „ატლეტიკოსთან“. ორი მატჩის ჯამში „ტოტენჰემი“ გამოეთიშა ტურნირს.
ლონდონელები ამ მომენტისთვის 31 მატჩში 30 ქულით მე-17 ადგილზე არიან პრემიერლიგის ცხრილში.