იგლი ტარემ იტალიის სპორტის მინისტრი გააკრიტიკა
იგლი ტარემ იტალიის სპორტის მინისტრი გააკრიტიკა

„ლაციოს“ სპორტულმა დირექტორმა, ალბანელმა იგლი ტარემ იტალიის სპორტის მინისტრი და ადგილობრივი ტოპ კლუბები სეზონის განახლების თაობაზე განსხვავებული შეხედულებების გამო გააკრიტიკა:

„ჩვენ თავს დისკრიმინირებულებად მივიჩნევთ.მე მოვისმინე მინისტრ სპადაფორის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა იფიქროს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რაც ძალიან კარგია. შემდეგ მან ადამიანებს პარკებში სირბილის ნება დართო, ხოლო სპორტულ ცენტრებში ყველა წესების დაცვით ვარჯიში კვლავინდებურად აკრძალულია.

მე არ ვიცი მისი მიზანი რაში მდგომარეობს, მაგრამ ეს ფეხბურთის დახმარება ნამდვილად არ არის. მისი გადაწყვეტილებები რადიკალურია და ემსახურება იმას, რომ თამაშში ხელი შეგვეშალოს. ფეხბურთი იტალიაში უმნიშვნელოვანესი სოციალური ფაქტორია. გულშემატკივრების ტრიბუნაზე შემოშვებას არ ვაპირებთ, ჩვენ უბრალოდ ყველა წესის დაცვით სეზონის დასრულება გვსურს.

სერია ა-ს დასრულებამდე 12 ტური დარჩა და ჩვენ სკუდეტოს მოპოვების შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს. იტალიაში სეზონის განახლების თაობაზე, სამწუხაროდ ყველა ერთ აზრზე არ ვართ. ძალიან მიკვირს ისეთი კლუბები, როგორებიც „იუვენტუსი“ და „ინტერი“ არიან, ამ საკითხის თაობაზე რატომ არიან გაჩუმებულები. წესებს ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ტარემ Lazio Style Radio- ს პირდაპირ ეთერში.