იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა
იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

იერუსალიმში ათასობით ადამიანმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. დემონსტრანტები ისრაელის მთავრობის მეთაურს კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად არასათანადო ნაბიჯების გადადგმასა და კორუფციაში სდებენ ბრალს.

შედარებით მცირერიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა ისრაელის სხვა ქალაქებშიც. მომიტინგეები შეიკრიბნენ კესარიაში მდებარე ნეთანიაჰუს კერძო სახლთანაც.

ნეთანიაჰუმ ამ კვირაში მმართველი კოალიციის პარტნიორ ბენი განცთან შეთანხმებას მიაღწია და ბიუჯეტის დამტკიცება გადაიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა დაიშლებოდა და ქვეყანაში ახალი, რიგით მეოთხე არჩევნების გამართვა იქნებოდა საჭირო.

ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება მაისის შემდეგ გართულდა. ამ ეტაპზე, აღრიცხულია ინფიცირების 113 000 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 1 000-ს უახლოვდება. ეპიდემიის გამო, უამრავი მცირე მეწარმე და თვითდასაქმებული უმუშევრად დარჩა, რამაც ანტისამთავრობო მიტინგების ტალღის აგორებას მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი.