იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირების შედეგად დაშავებული პალესტინელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირების შედეგად დაშავებული პალესტინელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პალესტინელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში რამდენიმე გზა გადაკეტა და მოქალაქეებს მეჩეთში შესვლის საშუალება არ მისცა.

გავრცელებული ცნობით, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში შტურმი 200-მა პოლიციელმა მოაწყო და პალესტინელებს ტერიტორიის დატოვება აიძულა. ძირითადი შეტაკებები ალ-აქსას მეჩეთთან მოხდა.

ისრაელის პოლიციამ რეზინის ტყვიები ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პალესტინის ადმინისტრაციის მედია წერს, რომ ამჟამად შეტაკებები გრძელდება აღმოსავლეთ იერუსალიმში და მის შემოგარენში, შეიხ ჯარაში. პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი, მაჰმუდ აბასი აღმოსავლეთ იერუსალიმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

ისრაელის მედია წერს, რომ პოლიციამ მეჩეთის კომპლექსზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც სამართალდამცველების მისამართით პალესტინელებმა ქვებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.