იერუსალიმის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, სარა ნეთანიაჰუს საქმის განხილვა დაიწყო
იერუსალიმის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, სარა ნეთანიაჰუს საქმის განხილვა დაიწყო

იერუსალიმის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლის, სარა ნეთანიაჰუს საქმის განხილვა დაიწყო. ბრალდების მტკიცებით, 2010-2013 წლებში ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლემ იერუსალიმის ძვირადღირებულ რესტორნებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ასობით კერძი შეუკვეთა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლის მიერ შეკვეთილი კერძების საერთო ღირებულება 85 000 ევროს შეადგენს. ამას გარდა, თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში ბრალი ეზრა სეიდოფს აქვს წარდგენილი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იერუსალიმში პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას ხელმძღვანელობდა.

პროკურატურის განცხადებით, პრემიერის მეუღლემ ამგვარად დაარღვია კანონი, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის თანამშრომლების შტატში გაფორმებული ჰყავდათ მზარეული. ასეთ შემთხვევაში კი კანონი გარე დაწესებულებებიდან საკვების შეძენას კრძალავს.

სარა ნეთანიაჰუს თაღლითობაში ბრალი ივნისში წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 13 ნოემბერს გაიმართება.