იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან  იმსჯელებენ
იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებენ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას იმსჯელებენ.

„ნატო-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატო-მ გააძლიერა თანამშრომლობა.

„ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა სხვადასხვა გზით. გვაქვს საერთო აქტივობები და წვრთნები და არის სხვა საშუალებებიც, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატო და საქართველო.

ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ეს საქართველოსა და ნატო-ს შორის რეგულარული და მნიშვნელოვანი კოორდინაციის ნაწილია“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

რაც შეეხება ნატო-ს 2022 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან მაღალ დონეზე შეხვედრის საკითხს, სტოლტენბერგის თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.