იენს სტოლტენბერგი - „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ასეთი სისწრაფით დაკავება მოულოდნელი იყო, რატომ მოხდა, რომ ძალებმა, რომლებსაც ვწვრთნიდით, ვერ გაწიეს წინააღმდეგობა
იენს სტოლტენბერგი - „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ასეთი სისწრაფით დაკავება მოულოდნელი იყო, რატომ მოხდა, რომ ძალებმა, რომლებსაც ვწვრთნიდით, ვერ გაწიეს წინააღმდეგობა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ასეთი სისწრაფით დაკავება მოულოდნელი იყო.

ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით საფრთხეს, რომ „თალიბანს“ შეუძლია, კვლავ აღადგინოს კონტროლი ავღანეთზე. ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენი სამხედროები ავღანეთიდან გადიან. თუმცა სიურპრიზი იყო, თუ რა სისწრაფით და როგორ იოლად მოხდა ყოველივე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთში განვითარებული მოვლენებიდან დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია და ეს ევაკუაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ცხადია, ჩვენ ავღანეთში ვიყავით 20 წლის განმავლობაში და მილიარდობით დოლარი დავაბანდეთ, ჩვენი სამხედროები კი, სიცოცხლეს წირავდნენ. უნდა ვისწავლოთ ეს გაკვეთილები, რადგან უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. ასევე მოგვიწევს ღიად პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე – რატომ მოხდა, რომ ძალებმა, რომლებსაც ჩვენ ვწვრთნიდით, შეიარაღებას ვაწვდიდით და მრავლის წელი ვუჭერდით მხარს, ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა „თალიბანს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს ქაბულის აეროპორტის ფუნქციონირების მხარდაჭერას და პრიორიტეტი დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეთა და ავღანელების ევაკუაციაა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიფინგი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართა, რომელზეც ავღანეთში შექმნილი ვითარება განიხილებოდა.

სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთში სიტუაცია არაპროგნოზირებადი რჩება.

„ღრმად ვარ დამწუხრებული იმის ხილვით, რაც დღეს ავღანეთში ხდება. ნატო ახლა ფოკუსირებულია პერსონალისა და იმ ავღანელების უსაფრთხო გაყვანაზე, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა. ნატო მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, რათა ქაბულის აეროპორტმა ფუნქციონირება განაგრძოს“, – განცხადა სტოლტენბერგმა.