იენს სტოლტენბერგი - საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის

საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის, – ეს განცხადება ჩდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ყველა წევრი თანხმდება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო არასდროს დადგება არჩევნის წინაშე ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ს წევრობას შორის. ის გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც დააკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველო ნატო-ს კომისიის სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველო არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი. საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვის სივრცის უსაფრთხოებისთვის. ეს NATO-ს პრიორიტეტია“, -განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის სივრცეში უსაფრთხოების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა.