იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ძალას თუ გამოიყენებს, გვაქვს ვარიანტების ფართო არჩევანი, რომ რუსეთი დადგეს სერიოზული შედეგების წინაშე
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ძალას თუ გამოიყენებს, გვაქვს ვარიანტების ფართო არჩევანი, რომ რუსეთი დადგეს სერიოზული შედეგების წინაშე

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ძალას თუ გამოიყენებს, გვაქვს ვარიანტების ფართო არჩევანი, რომ რუსეთი დადგეს სერიოზული შედეგების წინაშე, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რიგაში, მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა იქნება ნატო-ს პასუხი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრაზე; რა შეიძლება, იყოს რუსეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები.

„ჩვენ გვაქვს ვარიანტების ფართო არჩევანი იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი დადგეს სერიოზული შედეგების წინაშე, თუ ის კვლავ გამოიყენებს ძალას უკრაინის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათ შორისაა ეკონომიკური, ფინანსური სანქციები, პოლიტიკური შეზღუდვები; ასევე, როგორც ვიხილეთ, 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ყირიმის უკანონო ანექსია და გააგრძელა აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია და სეპარატისტების მხარდაჭერა, რასაც მოყვა ჩვენი კოლექტიური თავდაცვის სისტემის ყველაზე მასშტაბური გაძლიერება ცივი ომის შემდგომ, ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში ბატალიონების განთავსებით, საბრძოლო მზადყოფნის ნატო-ს ძალებით და შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდით; ასევე საჰაერო პატრულირებისა და სხვა სამხედრო მოქმედებების გაზრდით, რაც აჩვენებს ნატო-ს მზადყოფნას, დაიცვას ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონებში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.