იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ თავიდან აცილებაა
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ თავიდან აცილებაა

ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის გზავნილი, ის რაც მოხდა ყირიმში, ვერ განხორციელდება ნატო-ს მოკავშირის წინააღმდეგ.

„ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ ჩვენს არმიაში და ჩვენს თავდაცვისუნარიანობაში, თუმცა ეს არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და ამას ვაკეთებთ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. ამის მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა. ეჭვგარეშეა ის, რომ ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს, ჩვენ კონფლიქტს თავიდან ვიცილებთ. სწორედ ეს არის ნატო-ს არსებობის მიზანი – მშვიდობის შენარჩუნება და სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება და ამას წარმატებულად ვაკეთებდით 70 წლის განმავლობაში. მართალია, რომ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ჩვენი ნატო-ს სამხედრო ადაპტაცია და პასუხი, რაც გამოიხატება ჩვენი ძალების საბრძოლო მზადყოფნით, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი ჯარების განთავსებით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო მესიჯი, რომ რაც მოხდა ყირიმში, ვერ განხორციელდება ნატო-ს მოკავშირის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მიისწრაფის რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ.

ნატო-ს გენერალურის მდივანმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინისთვის ხომალდების დაბრუნებაზე. მისი თქმით, ალიანსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო.

„ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან ეს ხელს უწყობს პროგრესს მინსკის შეთანხმებების შესრულებაში და ასევე, ხელს უწყობს „ნორმანდიულ ფორმატს“, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტილების ძიებისკენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენებრგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს.