იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთთან შეიარაღებაზე კონტროლის, რისკების შემცირებისა და გამჭვირვალობის შესახებ დიალოგს აწარმოებს
იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთთან შეიარაღებაზე კონტროლის, რისკების შემცირებისა და გამჭვირვალობის შესახებ დიალოგს აწარმოებს

ნატო რუსეთთან შეიარაღებაზე კონტროლის, რისკების შემცირებისა და გამჭვირვალობის შესახებ დიალოგს აწარმოებს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ფიგაროსთან“ განაცხადა.

„თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის, დაერღვია მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ჩვენ მასთან ინტენსიურ და ღია დისკუსიებს ვაწამოებთ. მოსკოვს შევთავაზეთ ვალდებულებების შესრულების ფართო შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ გააკეთა. წარმატების მისაღწევად ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთიანი პოზიციით უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ყირიმის ანექსიის გვერდით მოტოვება, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ეს დიალოგის ნაწილია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა ევროპაში, როდესაც რომელიმე ქვეყანამ სამხედრო ძალა გამოიყენა საზღვრის შესაცვლელად და სხვა სახელმწიფოს მისატაცებლად, რასაც ალიანსი ვერასდროს შეეგუება.

ამასთან, იენს სტოლტენბერგის თქმით, სწორედ სანქციები აიძულებს რუსეთს, დაინახოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას თავისი ფასი გააჩნია.