იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პატივისცემისა და შესრულებისკენ
იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პატივისცემისა და შესრულებისკენ

თურქეთი ნატო-ს ღირებული მოკავშირეა და ეს მკაფიოდ განვუცხადე სომხეთის პრეზიდენტს, – ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ალიანსისთვის ღირებული პარტნიორები უწოდა.

სტოლტენბერგმა ბრიუსელში სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა სომხური მხარის თხოვნით შედგა. სტოლტენბერგის თქმით, ის მზად არის, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც გამართოს.

„ნატო არ არის მთიან ყარაბაღში და მის გარშემო კონფლიქტის ნაწილი. თურქეთი ღირებული მოკავშირეა და მე ეს განვუცხადე მკაფიოდ სომხეთის პრეზიდენტს. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო კონფლიქტით, განსაკუთრებით სამოქალაქო მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის გამო. ამის რამდენიმე მაგალითი ვიხილეთ. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს დეესკალაციისკენ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პატივისცემისა და შესრულებისკენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტის პოლიტიკურად გადაწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„კონფლიქტის გადაწყვეტა პოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მინსკის ჯგუფის ძალისხმევას. ასევე მივესალმებით აშშ-ში ორ საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას. ვფიქრობთ, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნა და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ ძალისხმევას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან სერიოზული სიტუაციაა, რომლის გამოც ნატო-ს წევრები ძალიან შეშფოთებული არიან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის ელოდება, რომ თურქეთი გამოიყენებს რეგიონში თავის გავლენას დაძაბულობის განსამუხტად.