იენს სტოლტენბერგი მემუარებში წერს, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რამდენიმე სახელმწიფოს ნატო-დან გარიცხვას განიხილავდა
იენს სტოლტენბერგი მემუარებში წერს, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს რამდენიმე სახელმწიფოს ნატო-დან გარიცხვას განიხილავდა

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავის მემუარებში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი ვადის დროს რამდენიმე სახელმწიფოს ალიანსიდან გარიცხვას განიხილავდა.

მემუარებში სტოლტენბერგმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ალიანსის რთულ, იმდროინდელ ურთიერთობებს დონალდ ტრამპთან, თეთრ სახლში მისი პირველი ვადის განმავლობაში.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ დამუქრებია მოკავშირეებს, რომ მისი ქვეყანა ალიანსს დატოვებდა. ამის მიზეზი კი, მისი აზრით, ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნების თავდაცვის ხარჯების სიმცირე იყო.

მემუარებში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ 2018 წელს დანიის, ნიდერლანდების, გერმანიისა და ნორვეგიის ხარჯები თავდაცვაზე არ აღემატებოდა მშპ-ის 1,5 პროცენტსაც კი და ტრამპი სავარაუდოდ ამ ქვეყნების გარიცხვას განიხილავდა.

სტოლტენბერგი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის მაშინდელი თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი უხერხულად გრძნობდა თავს ტრამპის ქცევის გამო და არაერთხელ მოუხდია ბოდიში ამერიკის პრეზიდენტის სიტყვების გამო. მეტისმა ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს რჩევებიც კი მისცა, თუ როგორ არ გაეღიზიანებინა ტრამპი.

„ჩვენ მისი გვრცხვენია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ მის დამშვიდებას. არ დაუპირისპირდეთ პრეზიდენტს, განსაკუთრებით იმ ციფრების გამო, რომლებზეც ის მიუთითებს. ეს არაფრით არ დაგეხმარებათ“, – ამბობდა თავდაცვის მაშინდელი მდივანი, სტოლტენბერგის მემუარების მიხედვით.