იენს სტოლტენბერგი - ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავება სახიფათო ინციდენტია, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს
იენს სტოლტენბერგი - ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავება სახიფათო ინციდენტია, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს

ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავება სახიფათო ინციდენტია, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ბელარუსმა ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის ბელარუსში საგანგებო დაშვების ინციდენტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასიც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მომხდარი არის აშკარა ჩარევა ევროპაში სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლაში და არ შეიძლება, ევროკავშირის მიერ უპასუხოდ დარჩეს.

ბელარუსში „რაინეარის“ თვითმფრინავის საგანგებო დაშვების ფაქტს და ინციდენტთან დაკავშირებულ შესაძლო სანქციებს ევროკავშირის ლიდერები 24 მაისს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ. თვითმფრინავის იძულებით დასმის ფაქტთან დაკავშირებით ლიეტუვაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

რაინეარის“ თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.