იემენში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა
იემენში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა

იემენში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. „კოვიდ-19“-ით დაღუპულები ძმები არიან. ისინი ქალაქ ადენის საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ იემენში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები ქვეყანაში მას შემდეგ გამოვლინდა, რაც გაერო-მ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ომით მოცულ იემენში კორონავირუსი შესაძლოა, გამოვლენის გარეშე ცირკულირებს.

აქამდე იემენში ოფიციალურად დადასტურებული იყო „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში თითქმის ოთხი კვირის წინ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ალ-შიჰრში გამოვლინდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ალ-შიჰრიდან 540 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ადენში დაარეგისტრირეს.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ იემენში, სადაც უკვე რამდენიმე წელია, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, კორონავირუსის ფართო გავრცელებას გამანადგურებელი შედეგი ექნება.