იემენში 14 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა
იემენში 14 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა

იემენში 14 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფება. ამის შესახებ გაერო იუწყება. ორგანიზაციის ცნობით, იემენში მიმდინარე მარიონეტული ომიდან გამომდინარე ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევრისთვის ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაერო იემენში შექმნილ ვითარებაში კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ადანაშაულებს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, იემენის სახელისუფლებო ძალები და ამბოხებული ჰუსიტები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართალს არღვევენ და ორგანიზაციებს საჭიროების მქონე პირებისთვის დახმარების მიტანის საშუალებას არ აძლევენ. ქვეყანაში კი შიმშილით სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება.

გაერო ვითარების გამოსწორების ერთადერთ საშუალებად იემენში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მიიჩნევს. ამ ხერხით ორგანიზაციები ჰუმანიტარული ტვირთის მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებას შეძლებენ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში გაერო-მ შიმშილის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი აღრიცხა, ერთი სომალიდან და ერთი სამხრეთ სუდანიდან. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლის ფონზე იემენში არსებული ვითარება განსაკუთრებით შოკისმომგვრელია.

იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ერთმანეთს სახელისუფლებო ძალები და ამბოხებული შიიტი ჰუსიტები ებრძვიან, თუმცა მარიონეტულ ომში რეგიონი ორი წამყვანი ქვეყანა, საუდის არაბეთი და ირანი აქტიურად არიან ჩართულნი. ამ ხნის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირებას ოფიციალური მონაცემებით ათი ათასი ადამიანი შეეწირა. ათობით ათასი პირი კი იძულებული გახდა, მშობლიური სახლი დაეტოვებინა.

გაერო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად იემენელი მოსახლეობის დასახმარებლად გვერდი არის შექმნილი, რომლის საშუალებითაც შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის დახმარება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი.