იდლიბში ვითარებასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა
იდლიბში ვითარებასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში მასშტაბური ჰუმანიტარული ტრაგედიის თავიდან არიდების მიზნით, დაუყოვნებლივ გადადგამენ დამატებით ნაბიჯებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა თურქეთის ძალისხმევას, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთში ვითარების დეესკალაცია მოახდინოს. დონალდ ტრამპმა დაგმო სირიის არმიის მიერ თურქი სამხედროების დაბომბვა და ანკარას სამძიმარი გამოუცხადა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავების პროცესში ანკარას სოლიდარობა გამოუცხადა.

27 თებერვალს რუსეთისგან მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო არმიის ავიაციამ თურქი სამხედროების კოლონა დაბომბა. ავიაიერიშს 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.