იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ფეხები მოახერხეს
იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ფეხები მოახერხეს

შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკება მორიგი ვანდალური შეტევის მსხვერპლი გახდა, – იტყობინება BBC.

ხუთშაბათს დილით, რამდენიმე უცნობმა მამაკაცმა ქანდაკებისთვის ხერხით ფეხების მოჭრა მოინდომა, აგრეთვე, თოკი შემოახვიეს, მაგრამ წაქცევა ვერ შეძლეს. თუმცა, არსებობს ქანდაკების დაცემის საფრთხე, ამიტომაც, ქალაქ მალმიოს პოლიციამ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მის გარშემო ტერიტორია შემოღობა.

„ვიღაც ცდილობდა ძეგლისთვის ფეხები მოეხერხა. ახლა არსებობს ქანდაკების წაქცევის რისკი, ამიტომაც ის შემოვღობეთ“, – განაცხადა მალმიოს პოლიციის წარმომადგენელმა.

„მალმიოს“ გულშემატკივრები ისევ გამოხატავენ უკიდურეს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ იბრაჰიმოვიჩი სტოკჰოლმის კლუბ „ჰამარბიუს“ თანამფლობელი გახდა. ცოტა ხნის წინ, ფანებმა ზლატანის ქანდაკებას უნიტაზის თავსახური ჩამოაცვეს, აგრეთვე, ძეგლის დაწვა სცადეს.