იბრაჰიმოვიჩის მომავალი ლოს ანჯელესში გაურკვეველია
იბრაჰიმოვიჩის მომავალი ლოს ანჯელესში გაურკვეველია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ საკუთარ მომავალს „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ ბუნდოვნად ხედავს და ჯერ არ იცის, გააგრძელებს თუ არა ამ გუნდში თამაშს მომავალ სეზონშიც. კალიფორნიაში შვედი ფეხბურთელის დებიუტი შესანიშნავი გამოდგა: 22 თამაშში მან 17 გოლი გაიტანა და კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. მიუხედავად ამისა, 36 წლის სპორტსმენი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის.

„არ ვიცი. ეს საკითხი განხილვის თემა უნდა გახდეს და ახლა ვერაფერს გეტყვით. კლუბს უნდა დაველაპარაკო და გავიგო, რა სურთ. მათაც უნდა გაიგონ, მე რა მსურს“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ერთი წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში, ზლატანმა მუხლის ტრავმა მიიღო და ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მალე კარგად იქნება და გუნდს დასავლეთ კონფერენიის პლეიოფში გასვლაში დაეხმარება.

გუნდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების თემა ზლატანის ხელფასიც შეიძლება გახდეს. წელს შვედის შემოსავალი 1.5 მილიონი დოლარი იქნება, რაც „გალაქსიში“ სიდიდით მხოლოდ მეოთხე ანაზღაურებაა, ამასობაში კი ჯოვანი დოს სანტოსი 6 მილიონს აკეთებს, რაც მთლიანად ამერიკის ლიგაში მეხუთე ხელფასია.

ფინანსური თვალსაზრისით ზლატანს დამატებითი პრობლემებიც გაუჩნდა, რადგან ამერიკის საფეხბურთო ლიგამ (MLS) ის ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ დააჯარიმა იმის გამო, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ხელით შეეხო. MLS-ს კონკრეტულად და ნათლად აქვს წესდებაში აღნიშნული, რომ ფეხბურთელს ეკრძალება მეტოქე მოთამაშის სახეზე, კისერზე ან თავზე შეხება და წესი იბრაჰიმოვიჩმა უკვე ორჯერ დაარღვია.