იბრაჰიმოვიჩის ჩხუბი მოედანზე - „როცა ვბრაზდები, თავს კარგად ვგრძნობ“ (ვიდეო)

ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS) მანჩესტერ იუნაიტედისა და მანჩესტერ სიტის ყოფილ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. საუბარია ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ნედუმ ონუოჰას შორის ატეხილ ჩხუბზე, რომელიც მაყურებელმა ლოს-ანჯელეს გალაქსისა და რეალ სოლტ ლეიკს შორის შეხვედრაში იხილა.

მე-60 წუთზე ზლატანმა ონუოჰას მაისურში ხელი ჩაავლო და მოედანზე დააგდო, რის გამოც მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო, მოგვიანებით კი ჩხუბი გასახდელებთან გაგრძელდა.

ირკვევა, რომ მოგვიანებით იბრაჰიმოვიჩი ონუოჰასთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მისი მოსმენა არ ისურვა.

„მოვიდა და ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. თამაშის დროს მოვარდა და დამემუქრა, მიყვიროდა. და ეს კაცი თავის თავს ამერიკული ლიგის სახეს უწოდებს. ამიტომ, მისი სიტყვები არ მაინტერესებს. არ მივიღებ მის ბოდიშს“, – განაცხადა ონუოჰამ.

კომენტარი თავად იბრაჰიმოვიჩმაც გააკეთა.

„მე მიყვარს, როცა სიცოცხლეს ვგრძნობ. დუელები და დაპირისპირებები მიყვარს. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩამომეძინება, თუ მოტივაცია არ მივიღე. გაბრაზებული როცა ვარ, თავს კარგად ვგრძნობ“.

მატჩი ლოს-ანჯელეს გალაქსის გამარჯვებით დასრულდა და გადამწყვეტი გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.