იბრაჰიმოვიჩი - ჩემი ბრალია, რომ „მილანში“ ფეხბურთელის საშუალო ასაკი გაიზარდა (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატში „მილანი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აკრობატული ილეთით გატანილი გოლი.

სერია ა-ს ახალ სეზონში 39 წლის იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალე შედეგს აჩვენებს – შვიდი გოლი ოთხ მატჩში.

„ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ. ჩემი ბრალია და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ „მილანში“ ფეხბურთელის საშუალო ასაკი გაიზარდა, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Sky Italia. – ვნახოთ, როგორ ფორმაში ვიქნები ამ სეზონის დასრულების შემდეგ.

არ მსურს, რომ „მილანს“ გზაზე გადავეღობო. როცა კონტრაქტს ვათანხმებდით, კლუბის ხელმძღვანელობას სურდა, რომ უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულება გაეფორმებინა, მაგრამ ჩემივე სურვილით, ვადა ექვს თვემდე დავიდა“, – ამბობს „მილანელების“ ფორვარდი.